სუბარუ ტრადიციებს არ ღალატობს: ბოქსერი და სრული ამძრაობა სავალდებულო რჩება. გაიცანით: ახალი Subaru Levorg
თქვენ ფიქრობთ, რომ საშუალო კლასის ავტომობილები ბოლო დროს მოსაწყენი გახდნენ? თუ მართლა ასე ფიქრობთ, მაშინ ამ საინტერესო და არა ჩვეულებრივ ალტერნატივას შეხედეთ: ეს არის Subaru Levorg. ”სუბარუს” ახალი, საშუალო კლასის კომბი, რომელიც Forester-ისა და XV-ს ბაზაზეა აღმოცენებული და Subaru Legacy-ს შეცვლის. სახელწოდება ყურში ცუდად მოგხვდათ? ჰო, უცნაურად ჟღერს.
იაპონელებმა ასეთ დიზაინს საბარგულის მოცულობის რამდენიმე ლიტრი შესწირეს
საქმე იმაშია, რომ უხეში სახელწოდების, Levorg-ის მიღმა (Legacy/Revolution/Touring) ოჯახისთვის განკუთვნილი 4,69-მეტრიანი ავტომობილია წარმოდგენილი, რომელიც მგზავრებისთვის საკმარისზე მეტი სივრცის გარდა, მოხერხებულ საბარგულსაც გვთავაზობს, რომლის მინიმალური მოცულობა 522 ლიტრია, მაქსიმალური კი – 1446 ლიტრი. მართალია, ეს არ არის აქტუალურ Audi A4 Avant-ზე (490-1430 ლ) ბევრად მეტი და VW Passat Variant-ზე (650-1780 ლ) ბევრად ნაკლებია, მაგრამ კარგი შედეგია. უკანა სავარძლის საზურგის გადასაწევად, საბარგულის გვერდებზე სპეციალური ღილაკი არსებობს. დააჭერ, საზურგე გადავარდება და, რაც მნიშვნელოვანია, წარმოიქმნება სწორი ზედაპირი.
Levorg-ში თავს სხვამხრივაც მშვენივრად ვგრძნობთ. დამუშავებაც კარგია და არც კოკპიტი გაურთულებს ვინმეს ცხოვრებას. ამასთან, ისევე, როგორც Outback-ში, აქაც უამრავი
თანამედროვე აპლიკაციაა ხელმისაწვდომი.
თანამედროვე ”სამუშაო მაგიდა” აღქმადი ინსტრუმენტებით და მარტივი მომსახურებით
ახალი, 1,6-ლიტრიანი ძრავა, რაღა თქმა უნდა, ისევ ბოქსერია (სუბარუში სხვანაირად წარმოუდგენელია), რომელიც თავის 170-ცხენისძალიან სიმძლავრეს, ცხადია, ოთხივე ბორბლისკენ მიმართავს. სიახლე ტურბინა, რომელიც 1800 ბრუნიდან 250-ნიუტონმეტრიან ბრუნის მომენტზე ზრუნავს. მართალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ Levorg სპორტული კომბია, მაგრამ კარგად დადის და ყოველდღიური ხმარებისას არ მოგვაწყენს. აგრეგატი მაღალ ბრუნებზე ბეჯითად და ვიბრაციების გარეშე მუშაობს, მანქანა 100 კმ/სთ-ს 8,9 წამში ავითარებს, მაქსიმუმი კი 210 კმ/სთ-ია. ციფრები გვეუბნება, რომ Levorg 1531 კილოგრამს იწონის და კონკურენტებზე მძიმეა, რის გამოც საწვავის დაპირებული ხარჯიც არაა გამაოგნებლად ცოტა (6,9 ლ. 100 კმ-ზე). უსაფეხურო ავტომატიკა საჭეზე დამატებითი ბერკეტებით თავის საქმეს ნორმალურად აკეთებს, ზედმეტი ზეწოლა კი არ სიამოვნებს. წნეხის ქვეშ მოქცევის შემთხვევაში ზედმეტად სწრაფად რთავს ზემოთ და მეტ ალიაქოთს იწვევს, ვიდრე საჭიროა.
საბარგულის მაქსიმალური მოცულობა 1446 ლიტრია. ასე მოთავსდა უკანა სავარძელზე 1,97 მეტრი სიმაღლის ჯერალდ ჩაიკა
სტოკჰოლმში ჩატარებული პირველ ტესტ-დრაივზე დავრწმუნდით, რომ ”სუბარუმ” ახალი Levorg-ის სავალი ნაწილი ისე მოაწყო, რომ დიდი ყურადღება მიენიჭა ყოველდღიური ხმარებისთვის აუცილებელ კომფორტს. Levorg 18-დუიმიანი დისკებითაც კი კომფორტულია და არც სლალომის დროს ირცხვენს თავს. ფრთხილი ESP ყველაფერს გონივრულად არეგულირებს და მისი წყალობით თავდაჯერებას გამოუცდელი მძღოლიც კი არ დაკარგავს. მართალია, სპორტულობა სხვა რამეა (მხოლოდ Traction Control-ის გამორთვაა შესაძლებელი), მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ეს პირველი რიგში საოჯახო კომბია, ასეთი მანქანისთვის კი ამგვარი შესრულება დიახაც სწორია.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მანქანა გვთავაზობს სრულ ამძრაობას და უსაფეხურო ავტომატიკას, ანუ, კომბინაციას, რომელსაც სხვა ავტომწარმოებლები მნიშვნელოვნად ძვირად აფასებენ, ის ფაქტი, რომ Levorg-ის საწყისი ფასი 30 000 ევროზე ნაკლები იქნება, ნამდვილად მისასალმებელია. აი, დიზელის ძრავა კი არც იგეგმება…
დასკვნა
გასაგებია, რომ Subaru Levorg საშუალო კლასში რევოლუციას არ მოახდენს, მაგრამ ის მაინც უნდა ვთქვათ, რომ ამ კლასში უაღრესად საინტერესო სიახლეს შემოიტანს. ეს მანქანა მათთვისაა, ვინც სოლიდურ და მოხდენილ კომბის ეძებს – სრული ამძრაობით, რაღა თქმა უნდა.
ჯერალდ ჩაიკა
► Subaru Levorg 1.6 Turbo
ძრავა: 4-ცილინდრიანი-Boxer, Turbo; მოცულობა: 1600 სმ3; სიმძლავრე: 125 კვტ (170 ცხ. ძ) 4800 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 250 ნმ/1800; მაქს. სიჩქარე: 210 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 8,9 წამში; ამძრაობა: სრული/უსაფეხური ავტომატიკა; ავზი: 60 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4690/1780/1485 მმ; საბარგულის მოცულობა: 522-1446 ლ.; წონა: 1531 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 6,9 ლ. S; გამონაბოლქვი: 159 გ/კმ